საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იმსჯელა მოპასუხის სტატუსის მქონე ადვოკატის არაეთიკურ ქცევაზე და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

5 ივნისი 2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იმსჯელა მოპასუხის სტატუსის მქონე ადვოკატის არაეთიკურ ქცევაზე და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

 

სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიამ ადვოკატს დააკისრა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება საქმეზე #164/13. კოლეგიის შეფასებით ადვოკატმა დაარღვია ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი.

 

ადვოკატი სამოქალაქო საქმეში წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს. ადვოკატსა და მოსარჩელე მხარის ადვოკატს (ეთიკის კომისიაში საჩივრის ავტორს) შორის სასამართლო სხდომის დასარულების შემდეგ სხდომის დარბაზის დატოვებამდე სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დასრულდა მცირე ფიზიკური შეხებით, კერძოდ: მომჩივანის მიერ ხელთ არსებული ჩანაწერების ქნევით, ხოლო ადვოკატის მხრიდან კი სიტყვიერ შელაპარაკებასთან ერთად ფეხის მოქნევით.  

 

განხილვის კოლეგიამ არ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია, რომ მოცემულ სამოქალაქო დავაზე თავად იყო მოპასუხე მხარე, ის ამ კონკრეტულ საქმეზე არ წარმოადგენდა კლიენტის ინტერესებს და ამ შემთხვევაში არ ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას, გაითვალისწინა რა ადვოკატის სტატუსი და მისი პროფესიული მოვალეობა, რომ სასამართლო დარბაზში ადვოკატის ნებისმიერი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს ადვოკატის პროფესიულ ღირსებას, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, რომლის შენარჩუნებაზეც უნდა ზრუნავდეს ადვოკატი მიუხედავად იმისა წარმოადგენს იგი კლიენტს თუ თავად არის მხარე სამართალწარმოების განხორციელებისას. მოპასუხე მხარისათვის და სასამართლოსთვის ადვოკატის პროფესიის შესახებ ცნობილი იყო და მისი ქმედება აღიქმებოდა როგორც არა ფიზიკური პირის, არამედ როგორც ადვოკატის ქმედება.

 

განხილვის კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადვოკატი მოსარჩელე მხარის ადვოკატის მიმართ მისი ქცევით არ უფრთხილდება პროფესიულ პრესტიჟს, ღირსებას და საზოგადოების წინაშე ნდობას, მისი ქცევა არაეთიკურია და ეწინააღმდეგება სასამართლოში მოქცევის წესებს. 

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია, ვინაიდან ადვოკატი წარმოადგენდა მოპასუხეს და არ ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას, თუმცა სრულად გაიზიარა ეთიკის კომისიის მიდგომა პროფესიული სტანდარტების მიმართ.

 

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე ეთიკის კომისიის განყოფილებაში

http://gba.ge/uploads/resolutions/2015/06/05/bc91ba75b67d1db86ebc5794037a73ae.PDF

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება შეგიძლიათ ასევე იხილოთ ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე ეთიკის კომისიის განყოფილებაში

 http://gba.ge/uploads/resolutions/2015/06/05/da1b62999643fa1906aaf917b9054ca7.PDF

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი